27 ივლისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დებატების ტურნირის საუკეთესო სპიკერების და ფინალისტების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ: ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ კერვალიშვილი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, გაბრიელა მანისტა - პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.
„მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს და რაც მთავარია მოსწავლეებს, მომავალ თაობას, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და წარმატებაა დამოკიდებული. მადლობა რომ გაბედეს, არ დაიშურეს შრომა და ძალისხმევა იმისათვის, რომ ამ წარმატებისთვის მიეღწიათ. საქმისადმი ასეთი სიყვარულით, აქტიური სწავლით, არგუმენტებით, საღი მსჯელობით, საქმის ცოდნით შეძლებენ ბევრად უკეთესი გახადონ ჩვენი ქვეყანა“ - აღნიშნა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებისას.
„მიხარია, რომ დღეს ჩვენ შევძელით დაგვეჯილდოებინა ამ აქტივობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ტურნირის გამარჯვებულები. ესენი იყვნენ მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც, სტუდენტებიც. ჩვენ ასევე გამოვყავით და დავაჯილდოვეთ ყველაზე წარმატებული სკოლებიც და ძალიან მიხარია, რომ პანდემიამ არანაირი დაბრკოლება არ გააჩინა იმისათვის, რომ წარმატებულად შეგვესრულებინა ჩვენი მისია“ - ღონისძიებაზე პროექტი შეაჯამა და მის მიღწევებზე ისაუბრა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და ტურნირის ორგანიზატორმა, თინათინ ცერცვაძემ.
მონაწილეებს მიულოცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა. სერტიფიცირების ცერემონიას აგრეთვე დაესწრო პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი გაბრიელა მანისტა.
„დებატები მუზეუმში“ მასშტაბურ დებატების ტურნირს და საჯარო დებატებს მოიცავდა, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის 10 სხვადასხვა მუზეუმში, ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ტურნირში 500-მდე მონაწილე მთელი ქვეყნიდან ჩაერთო.
„დებატები მუზეუმში“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ პროექტ - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.