ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/02/2019
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი | 593260609 | chitasvhili.maiko@gmail.com
პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” (GEclose2EU) პრეზენტაცია
15 თებერვალს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ ტიდესტრომმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა - ნინო ევგენიძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნეს.
„დღეს მნიშვნელოვანი პროგრამის პრეზენტაცია შედგა. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. მისი მიზანია ბიზნესის წახალისება და იმ ახალი სექტორების გამოვლენა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს “, - აღნიშნა ულრიკ ტიდესტრომმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, პროექტი, რომელიც 3 წელი გაგრძელდება, მოიცავს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერნაციონალიზაციას, რაც მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანას და მათი ცნობადობის გაზრდასაც გულისხმობს.
„ჩვენი დახმარება ითვალისწინებს როგორც ცოდნის, ისე ფინანსური სახსრების მიწოდებას და ტექნიკურ დახმარებას, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ერთობლივი საწარმოები თავის ევროპელ პარტნიორებთან, და ამის შედეგად, ქვეყანამ უფრო მეტი შესაძლებლობა და სარგებელი მიიღოს“,- აღნიშნავს ნინო ევგენიძე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ძალიან სიმბოლურია ზოგადად სახელი პროექტის - ევროკავშირთან უფრო დაახლოებული საქართველო, რაც არის არა მარტო ჩვენი სააგენტოს, არამედ მთელი ქვეყნის მისწრაფება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება შვედეთის საელჩოსთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში.“

ღონისძიებას საქართველოში მოქმედი 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის შესახებ

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ბენეფიციარები

პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით. დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია - დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან.

როგორ დაეხმარება პროექტი ბიზნესკომპანიებს - პროექტის ძირითადი კომპონენტები:

კვლევა და ანალიტიკა
პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ კომპანიებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად.

კომპანიების ტექნიკური დახმარება, პირდაპირი სწავლება და კონსულტაციები
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ საექსპორტო საქმიანობის მხარდაჭერა
აწარმოე საქართველოს 500 ბენეფიციარ კომპანიას (არა სასოფლო-სამეურნეო მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები), შესაძლებლობა მიეცემა სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, გაიღრმაონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში. ასევე, ეს კომპანიები ყოველწლიურად მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.

ქართული კომპანიების ცნობადობის გაზრდა
ქართული ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზების მიზნით, განახორციელდება 2 მედია ტური შვედეთსა და საქართველოში, რომელშიც მონაწილეობსაც მიიღებს 20-მდე შვედი და ქართველი ჟურნალისტი.

პროექტის ფარგლებში მოხდება ვებ-გვერდის www.tradewithgeorgia.com განვითარება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროექტის განხორციელების ვადა

პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3375