პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ორ დღიანი ღონისძიება გაიმართა
პრეს რელიზი
24 ივლისი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge
პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში ორ დღიანი ღონისძიება გაიმართა
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სამუშაო შეხვედრა და სიმულაცია საბავშვო ბაღში
ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში, გაიმართა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბაღების დირექტორებმა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებმა, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეჯამება, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, პროექტის განხორციელების პროცესში შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევების განხილვა და სამომავლო ქმედებების დასახვა.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, 23 ივლისს, ქალაქ ბათუმის N15 საბავშვო ბაღში, გაიმართა ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან". ღონისძიებაზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა მიწისძვრის სიმულაციური თამაში. სიმულაციას სადემონსტრაციო ხასიათი ქონდა და მასში სკოლამდელ განათლებაში ჩართულმა და გადაწყვეტილების მიმღებმა 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, პროექტის მედია კლუბის წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფის რისკის შემცირების სამუშაოებში. სიმულაციის შემდეგ დამსწრე სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება აჭარის რეგიონისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო და შეგვეჯამებინა პროექტის შედეგები, ჩართულ მხარეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. ვფიქრობთ მთავარი მიზანი -უსაფრთხოების კულტურის დანერგვა საბავშვო ბაღებში უკვე მიღწეულია" - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულიხაძემ
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან" განხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).