ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/11/2018
პროფესიული განათლების კვირეული საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" საერთაშორისო კონფერენციით ,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი ლონა სთოლი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. ასევე, განათლების სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, კვირეული მიზნად ისახავს 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საზოგადოებისათვის გაცნობას, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღია კარის დღეების ჩატარებით იქნება შესაძლებელი.
,,ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროფესიული განათლება,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
,,საჭიროა პროფესიული განათლების განვითარება, რაც რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ამ ყველაფერში კი, აღსანიშნავია აშშ-ისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აქტიური ჩართულობა“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
კონფერენციის დღევანდელი მომხსენებლები იყვნენ ბრიტანეთის ავიახაზების (British Airways) განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი ნაიჯელ ჯერემი და აშშ-დან კორპორაცია ,,ინტელის“ (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალური დირექტორი ბრაიან გონსალესი. გამომსვლელებმა თავიანთი კომპანიების გამოცდილება განიხილეს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.
კვირეული 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ათი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ღია კარის“ დღეებს უმასპინძლებს, ხოლო პარასკევს „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
ორგანიზაციის შესახებ
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
წაკითხულია: 2203