ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/06/2025
რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება

2 წლის განმავლობაში 6 პროგრამის დანერგვა და 100-მდე სპეციალისტის მომზადება და გადამზადება იგეგმება.

კოლეჯი „ერქვანი", კომპანია „ბლაუენშტაინთან" ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა" ფარგლებში, რომელსაც „პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი" „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს.


პროექტის მიზანია, საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში, თანამედროვე, შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო პროგრამების დანერგვა, მეცხოველეობის სფეროში კომპეტენციის ამაღლება და ღირებული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ასევე, მეცხოველეობის მიმართულებით ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.


პროგრამები დარგის ერთ-ერთ წამყვან კომპანია „ბლაუენშტაინთან" მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა და შვეიცარულ გამოცდილებას ეფუძნება.


სასწავლო პროგრამები, პედაგოგების ტრენინგები, რომლებიც ზრდასრულთა პედაგოგიკის საფუძვლების შესწავლას მოიცავს, ასევე, სასწავლო სახელმძღვანელო შვეიცარიელი (HAFL და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაგეგმილია პროგრამების მასწავლებელთა სწავლების ინტერაქციულ მეთოდებში გადამზადებაც.


პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განხორციელდება მეცხოველეობის სამი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლების პირველი ეტაპი 2025 წლის ივლისში დაიწყება, 2 წლის განმავლობაში კი 6 პროგრამის დანერგვა და 100-მდე სპეციალისტის მომზადება და გადამზადება იგეგმება.



კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება ამბროლაურში მდებარე პროფესიულ კოლეჯში
„ერქვანი", პრაქტიკულ კურსს კი ბენეფიციარები „ბლაუენშტაინის" საფერმე და საწარმოო
ბაზაზე გაივლიან.


პროექტმა უკვე მოიპოვა მხარდაჭერა მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების მიმართულებით მომუშავე პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებიც თანამშრომლობის
მზადყოფნას გამოთქვამენ, მათ შორის, თავიანთ კომპანიებში გადამზადებული სპეციალისტების დასაქმებით.



პროფესიული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს არამხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის აღმოფხვრას, ასევე, დადებით გავლენას მოახდენს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაზე.


პროგრამის პარტნიორები არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 31