რეგიონული კონფერენცია
„თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში" (COMUS)
ვიზიტი დუშეთში
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გრძელდება. კონფერენციის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) კულტურის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, COMUS-ის პროექტში ჩართული ისტორიული ქალაქების მერები და უცხოელი ჟურნალისტები დუშეთს ეწვევიან და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სტუმრებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი უმსაპინძლებს.
დელეგაციის წევრები მოინახულებენ ანანურის ციხესიმაგრეს, დაათვალიერებენ დუშეთის ძველ ქუჩებს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს, ძველ ბულვარს და ჭავლაშვილების ისტორიულ სასახლეს. უცხოელი სტუმრები, ასევე რესტავრირებული ძველი სამუსიკო სკოლის გახსნის ცერემონიასაც დაესწრებიან.
¹COMUS („თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისთვის") - პროექტის მიზანია შემუშავდეს ურბანული განვითარების სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ისტორიულ ქალაქებში, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მოხდება კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მდებარე ისტორიული ქალაქებში. COMUS-ის პროექტის საპილოტე ქალაქები საქართველოში დუშეთი და ჭიათურაა.