საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან - თამარ ჟვანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა.
უწყებების ხელმძღვანელებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები შეაჯერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს.
ცესკოს თანამშრომლებისთვის, ასევე, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას.
უწყებები ითანამშრომლებენ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც, პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით.
შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციაზეც ისაუბრეს და დანაშაულის შესაძლო ნიშნების შემთხვევაში, შეტყობინების დროულად მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.