ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების თემაზე თსუ-ში შეხვედრა გაიმართა
16/05/2012

პრესრელიზი
 

16 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი
მობ: +995 (599) 42-77-37;
ტელ: +995 (32) 292-00-55;
ელ-ფოსტა:gselimashvili@legalaid.ge
საიტი:
www.legalaid.ge  

საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების თემაზე თსუ-ში შეხვედრა გაიმართა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 მაისი, 2012 - დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ, ამერიკელ იურისტებთან ერთად,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველოში არსებული უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და აშშ-ში მოქმედი საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების ინსტიტუტი გააცნეს.

ირაკლი კობიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელთა შედეგად მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებით, იურიდიული კონსულტაციებითა და დოკუმენტების შედგენის სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიმართულებით.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “იურისტთა კომიტეტი სამოქალაქო უფლებებისათვის” წარმომადგენლებმა დაიან გლაუბერმა და დევიდ ზისერმა ყურადღება გაამახვილეს იურიდიული დახმარების იმ მექანიზმზე, რომელიც აშშ-ში, ადგილობრივ მოსახლეთა გაერთიანებებისთვის ინვესტორებთან ურთიერთობებისას მოქმედებს. მათი განმარტებით, ამერიკაში წარმატებით დაინერგა საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების სისტემა, რაც, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს,  სამშენებლო კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას გულისხმობს.

ამერიკელი იურისტები საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მოწვევით (ACTR/ACCELS) იმყოფებიან. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ისინი საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდებიან.

# # #

წაკითხულია: 2321