საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თემაზე სწავლება გაიარეს
პრესრელიზი
16 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე
UNDP-ის საზოგადოებასთან
ურთიერთობების ანალიტიკოსი
ტელ: (+995 32) 25 11 26
მობ: (+995 99) 19 69 07
ელ-ფოსტა:
sophie.tchitchinadze@undp.org
გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
PR-მენეჯერი
ტელ: (+995 32) 93 20 90
მობ: (+995 99) 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
თემაზე სწავლება გაიარეს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 მარტი, 2009 - 14-15 მარტს, ქ. გორში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის თემაზე სემინარი ჩატარდა. ორდღიან სემინარს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში დარეგისტრირების მსურველი იურისტები ესწრებოდნენ. სემინარი ჩატარდა შიდა ქართლის ადრეული რეაბილიტაციისა და მდგრადი გადასვლის ხელშეწყობის პროექტის (FOSTER) ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.
ღონისძიება გახსნეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - რუსუდან ტაბატაძემ და UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის თანამშრომელმა - ნათია ჩერქეზიშვილმა. სწავლებას უძღვებოდნენ ექსპერტები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე - ზაზა მეიშვილი და იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი.
სემინარის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა მტკიცებულებათა ცნება და საგანი, მტკიცების ტვირთი, წინასასამართლო გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიებები, სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს შიდა ქართლის რეგიონს დაძლიოს 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი კრიზისი. შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს მხარდაჭერა რეგიონში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური ერთიანობის დაცვის მიზნით ხორციელდება.