4 თებერვალი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელზედაც მრავალი წელია მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც სამთავრობო ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ პრობლემათა სპექტრი საკმაოდ ფართოა და ხელისუფლება უკვე წლებია, მუდმივად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, თანაც შეზღუდული რესურსების პირობებში.
აქტუალურია როგორც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი, ასევე მათი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესება. სამწუხაროდ, დევნილთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა არასათანადო ურბანულ გარემოში, რაც სერიოზულად ამცირებს მათი თვითკმარობის პოტენციალს.
მიგვაჩნია, რომ მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დღემდე გადაუწყვეტელ ამოცანად რჩება. დასაქმებისა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პრობლემა, მნიშვნელოვან დაბრკოლბას ქმნის აღნიშული საკითხის მოგვარების გზაზე.
დევნილთა ჰუმანიტარული, განვითარებისა და შესაძლებლობების ზრდის მრავალწლიანი გამოცდილება და ათიათასობით დევნილთან მუშაობის ისტორია, საფუძველს გვაძლევს ხაზი გავუსვათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ითვალისწინებს „დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის" ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
აღნიშნული პრობლემისადმი სტრატეგიული მიდგომა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პროცესში ჩართული ყველა მოთამაშის კონსოლიდაციას, რაც ხელს შეუწყობს მათი ძალისხმევის მიმართვას დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისაკენ. დევნილთა ფინანსური და მატერიალური მდგრადობის , მათი მეზობელ თემებში ინტეგრირების და სახელმწიფო დახმარებისაგან დამოუკიდებლობის მიღწევა იქნება ის სასურველი შედეგი, რომელიც აღნიშნულმა პროცესმა უნდა მოიტანოს.
მიგვაჩნია, რომ სტრატეგია ზუსტად უნდა იყოს ორიენტირებული დევნილთა პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე, რათა მიღწეულ იქნას მათი რეალური თვითკმარობა და სოციალური მდგრადობა.
რეკომენდაციები:
• მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს დევნილთა საჭიროებათა კვლევა, რათა სტრატეგიამ ზუსტად უპასუხოს მოსახლეობის პრიორიტეტებს;
• მოხდეს დევნილთა სათანადო ინფორმირება სტრატეგიის შესახებ და მათი ჩართულობა წახალისებულ/უზრუნველყოფილ იქნეს სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე;
• უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა სტრატეგიის განხორციელების ყველა ეტაპზე;
• სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის უზრუნველყოფილ იქნას მისი განხორციელებისათვის სათანადო დაფინანსების მოპოვება, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაცია, ასევე დონორებთან და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
• მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე სტრატეგია სრულ თანხვედრაში იყოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სხვა სტრატეგიებთან და კანონმდებლობასთან;
• სტრატეგიის ამოქმედებისათვის საჭიროა ჩამოყალიბდეს მისი განხორციელების გრძელვადიანი ხედვა;
• საარსებო წყაროების პროგრამების დაგეგმარებისა და მართვის სახელმწიფო ინსტრუმენტების არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს პროცესის შეფერხება და პროგრამების განხორციელება გაგრძელდეს არა კონოსლიდირებულად, სტრატეგიის ჭრილში, არამედ ცალკეული საერთაშორისო თუ ადგილობრივი აქტორების დონეზე, როგორც ეს ხდება დღემდე. აღნიშნული კი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად სექტორის მართვას. შესაბამისად, აუცილებელია გაჩნდეს კონკრეტული სახელმწიფო მექანიზმები ზემოთხსენებული რისკების აღმოსაფხვრელად.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) სახელით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა სტრატეგიის შექმნის პროცესის მიმართ და გამოვთქვათ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრი არასამთავრობოები:
1. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა";
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი;
3. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი;
4. დემოკრატ მესხთა კავშირი;
5. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი";
6. გორის ინვალიდთა კლუბი;
7. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია;
8. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი;
9. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
10. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი;
11. ასოციაცია „ტოლერანტი";
12. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი" ;
13. ბორჯღალი;
14. დუშეთის განვითარების ფონდი;
15. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი;
16. ასოციაცია „ათინათი";
17. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო;
18. ნაბიჯი წინ (Step forward);
19. ასოციაცია „გაენათი";
20. დემოკრატიის ინსტიტუტი;
21. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი;
22. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი;
23. ასოციაცია „ზეკარი";
24. უკეთესი მომავლისათვის;
25. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი;
26. საზოგადოება „ბილიკი".
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება. ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა".ქსელის საქმიანობახორციელდება „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭერით.