ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სამცხე-ჯავახეთში იურიდიული დახმარების ბიურო გაიხსნა
22/04/2010
პრესრელიზი
 
22 აპრილი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი,
იურიდიული დახმარების სამსახურის PR-მენეჯერი:
8(99) 42-77-37; 8(32) 92-00-55;
gselimashvili@legalaid.ge;
www.legalaid.ge

 სამცხე-ჯავახეთში იურიდიული დახმარების ბიურო გაიხსნა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 აპრილი, 2010 -ახალციხეში დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო გაიხსნა. ბიურო გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ჯეიმი მაკგოლდრიკმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა -  ხათუნა კალმახელიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ირაკლი კობიძემ გახსნეს. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, სასამართლოს, პროკურატურისა და  მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიურო ამოქმედდა ”იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. ბიუროში დასაქმებული 6 საზოგადოებრივი ადვოკატი, კონსულტანტი და სპეციალისტი ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რაიონების მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. მოქალაქეებს ყველა სახის სამართლებრივი  კონსულტაციით, იურიდიული დოკუმენტების შედგენისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.  

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის - ირაკლი კობიძის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ახალქალაქში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობას  მოემსახურება. საკონსულტაციო ცენტრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური დახმარებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ”იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერის” პროექტის პრიორიტეტებს,  უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული განვითარება, უფასო იურიდიული დახმარების  შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადმინისტრაციულ საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით, საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მედია კამპანიაც მიმდინარეობს, რაც იურიდიული დახმარების სამსახურისადმი  საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ემსახურება.

###

წაკითხულია: 3433