„საამაყო მომენტია ჩვენთვის, როდესაც ქართველი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის შედეგს ვხედავთ. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხედვას, რომელიც საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე კომპაქტის ფარგლებში შევექმნათ მსოფლიო დონის განათლების სისტემა. დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება.“ – აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ლონა სთოლიმ მის მისასალმებელ სიტყვაში.
ღონისძიებას დაესწრნენ და სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერისტეტების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგნელები.
„პირველ რიგში სტუდენტებს მივულოცავ, რადგან მათ ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ საფუძვლიან ცოდნას დაეუფლონ. განათლებაზე როცა ვსაუბრობთ, მინდა, გამოვყო ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და სამეცნიერო მიმართულებები, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ამ უნივერსიტეტის ახალ შენობაში იქნება უახლესი ლაბორატორიები, რაც უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალები გახდნენ.“ – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.