პრესრელიზი
5 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: 2996377; 29874 31
e-mail: culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი საქართველოს კონსულტანტი იქნება
5 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორმა ბეატრის დე პასტრიმ და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მხარეებმა საზოგადოებას თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები გააცნეს.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია კინომემკვიდრეობის დაცვის სფეროში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება, საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფილმსაცავის აშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სრულყოფილი საინფორმაციო ციფრული ბაზის შექმნა. პროექტის საბოლოო მიზანია როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კინომემკვიდრეობის დაბრუნება, ასევე ადგილზე არსებული კინოკოლექციების აღრიცხვა, დაცვა და რესტავრაცია. საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი ამ საკითხებში საქართველოს კონსულტანტი იქნება.
საფრანგეთის კინოცენტრის კინოკოლექციების დირექტორი ბეატრის დე პასტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით იმყოფება. ბეატრის დე პასტრის მოვალეობაში შედის საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის არქივში არსებული 100 000-მდე ფილმის მართვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი: შეგროვება, კონსერვაცია, აღრიცხვა, რესტავრაცია, გამდიდრება. იგი იყო საფრანგეთის კინობიბლიოთეკებისა და ფილმების არქივების ფედერაციის პრეზიდენტი. მან მოახდინა კინემათეკის ფონდის ინვენტარიზაცია, კატალოგაჟი და აღწერა (1925 წლიდან შეგროვილი 10,000 ფოტოგრაფიული ნაწარმოები და 4000 ფილმი) და დაიწყო ფოტოგრაფიული კოლექციების დიგიტალიზაცია.