ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსდა
29/02/2012

  
პრესრელიზი

29 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248                  
+995 77 720 144                  
sbalavadze@bog.ge

საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსდა

[PUBLICITY.GE] თბილისი,  29 თებერვალი, 2012 -  საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში აქციების წარმატებით განთავსების შესახებ. საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს ლონდონის საფონდო ბირჟა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3,000-მდე კომპანიაა განთავსებული, 70 ქვეყნიდან. აქედან მხოლოდ 1000-მდე კომპანიაა პრემიუმ ლისტინგში, ხოლო კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ ერთი - საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ასევე ერთადერთი უცხოური ბანკია, 5 წამყვან ბრიტანულ ბანკს შორის - HSBC, Lloyds, RBS, Barclays, Standard Chartered - რომელსაც აქციები აქვს განთავსებული პრემიუმ ლისტინგში. საქართველოს ბანკის საკუთარმა კაპიტალმა ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილეს 350 კომპანიას შორისაა.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში განთავსება, საშუალებას მისცემს ბანკს  გაზარდოს მისი აქციების ლიკვიდობა, მნიშვნელოვნად გააფართოვოს ინვესტორთა წრე, რადგანაც ბანკის აქციებზე წვდომას მიიღებენ საერთო ჯამში, დაახლოებით 4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის კაპიტალის მმართველი საინვესტიციო ფონდები.  პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები, მათ შორის საქართველოს ბანკი, ყველაზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად რეგულირდება, რის შედეგადაც ასეთ კომპანიებში მაღალია გამჭვირვალობის დონე და კორპორაციული მართვის ხარისხი. პრემიუმ-სეგმენტში შესვლით, ბანკი  FTSE 250 ინდექსში შესვლას დაექვემდებარება.

საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდანაა. აქამდე, ბანკის აქციები ბირჟაზე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით იყო წარმოდგენილი. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამჭვირვალობის უკვე ჩამოყალიბებულმა კულტურამ და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების არსებობამ, განაპირობა საქართველოს ბანკის შედარებით მარტივი და, რაც მთავარია ბუნებრივი გადასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი ხარისხის ლისტინგში. 

„ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადასვლით, საქართველოს ბანკმა დააკმაყოფილა ბირჟის რეგულატორის მიერ მოთხოვნილი გამჭვირვალობის, ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები. პრემიუმ-სეგმენტში მოხვედრა, ბანკს შესაძლებლობას მისცემს უფრო მარტივად მოიზიდოს მეტი კაპიტალი, გაზარდოს აქციების ლიკვიდურობა, გააფართოვოს ინვესტორთა ბაზა და შევიდეს ბირჟის ინდექსში", განაცხადა საქართველოს  ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

მსოფლიოში ყველაზე საერთაშორისო, ლონდონის საფონდო ბირჟას  300-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1698 წელს იღებს, მაშინ, როცა  ლონდონში უკვე დაიწყეს ინგლისური კომპანიების სხვადასხვა პროდუქციის ფასების გამოქვეყნება. 1801 წელს კი გაცვლითი ოპერაციების დაწყებით ლონდონის საფონდო ბირჟა ოფიციალურად დაარსდა და სადღეისოდ მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრად მიიჩნევა. ლონდონის საფონდო ბირაჟაზე აქციები აქვს განთავსებული მსოფლიოს არაერთ უმსხვილეს, წარმატებულ და დინამიურ კომპანიას. 2007 წლის ოქტომბერში ლონდონის საფონდო ბირჟამ იტალიის საფონდო ბირჟასთან (Borsa Italiana) შერწყმის შედეგად ევროპის წამყვანი სააქციო ბირჟა ჩამოაყალიბა.

წაკითხულია: 2348