თბილისი, 11 თებერვალი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და სამშენებლო კომპანია „ტეტრისმა" განცხადეს, საქართველოსთვის უნიკალური, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შესახებ. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.
სრულიად ახალი, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი Health Palace სანდრო ეულის 7 ნომერში მდებარეობს და პირველი უნივერსალური კომპლექსია საქართველოში სპორტული და აღდგენითი მედიცინის მიმართულებით. Health Palace აღჭურვილია ულტრათანამედროვე სტანდარტების სამედიცინო/სარეაბილიტაციო აპარატურითა და ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ Health Palace სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისთვის და აკმაყოფილებს აღდგენითი მედიცინის ცენტრის ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტებს. ცენტრში, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისა და მრავალფეროვანი სერვისების არსებობა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სპორტსმენებს, აღიდგინოს ჯანმრთელობა უმოკლეს დროში, ან უბრალოდ იზრუნოს საკუთარ სილამაზეზე.
სიახლე, რომელიც Health Palace-მა სპროტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში დანერგა, ჰალოთერაპიაა, რისთვისაც შეიქმნა ხელოვნური მღვიმე, მოპირკეთებული ჰიმალაის მარილითა და ვარდისფერი კვარცით. ჰალოთერაპიით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სასუნთქი გზების, კანის და გულსისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული დაღლილობის და უძილობის პრობლემები, ასთმა და სხვ. Health Palace-ში შესაძლებელია ჰიდროთერაპიის სრული კურსის ჩატარება, სპეციალურად ადაპტირებულ საცურაო აუზში, როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვებისთვის.