პრესრელიზი
20 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail: pr@moe.gov.ge
Tel.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გლობალურ გარემოსდაცვით ფორუმზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იმყოფება ქ. ნაირობიში (კენია), სადაც ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.
მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მინისტრთა მრგვალი მაგიდის დიალოგის ექვსი შეხვედრა. აქედან ერთ-ერთ მრგვალი მაგიდის დიალოგის სესიას თემაზე "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებაში" დღეს, 19 თებერვალს, თავმჯდომარეობდა ხათუნა გოგალაძე.
სესიაზე განხილულ იქნა 2012 წელს გამართული მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (რიო+20) მიღებული დოკუმენტები - "მომავალი, რომელიც გვინდა" და "მდგრადი მოხმარების და წარმოების პროგრამა". შემდეგ დამსწრე მინისტრებს ეთხოვათ, გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და ხედვა რიო+20 კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტების განხორციელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩაითვალა მოსაზრებები, რომლებშიც გამოკვეთილი იყო აღნიშნულ საქმიანობაში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სამომავლო როლი.