ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს განათლების სექტორში.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. ამ მემორანდუმის მიზანი გახლავთ, რომ სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტმა და სამმა ქართულმა უნივერსიტეტმა განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ჭრილში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში, რისთვისაც ჯამში 43 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი გაიღო აშშ-ის მთავრობამ.
ვიზიტის განმავლობაში მოეწყო არაერთი შეხვედრა. ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან. აღსანიშნავია, კერძო სექტორის ჩართულობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში, რომლის ფარგლებშიც 4 მილიონ ამერიკულ დოლარამდე თანხა გაიღო კერძო სექტორმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტების სტიპენდიებისთვის,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის შეფასებით, დღევანდელი თანამშრომლობა ახალი ეტაპია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი და ამერიკელი ხალხი მომავალშიც გაუწევს დახმარებას საქართველოს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით გეგმავს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ ყოფნა. დავესწარით ღონისძიებას, რომელიც კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების განვითარებაში საქართველოში. მადლობა მინდა, გადავუხადო სან დიეგოს უნივერსიტეტს და ცხადია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. მოგეხსენებათ, დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და სწორედ ეს გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის მთავარი მიზანიც. დარწმუნებული ვარ, ის მცდელობები და ინიციატივები, რომელიც განხორციელდება რეფორმის ფარგლებში, დაეფუძნება ამ გამოცდილებას“- განაცხადა ირინა აბულაძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლესი განათლების ასპარეზზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში უმაღლესი განათლების პროექტი დაიწყო. სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველო სტუდენტებს საინტერესო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს თბილისში, რაც მათ საშუალებას აძლევს საქართველოში მიიღონ აკრედიტირებული, საერთაშორისოდ აღიარებული აშშ-ის ბაკალავრის ხარისხი. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტებს სთავაზობს კურსებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში, რომელთა დასრულების შემდეგაც, ისინი საერთაშორისოდ აღიარებულ ბაკალავრის ხარისხს მოიპოვებენ. უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერას, სამშენებლო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროების ხელშეწყობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.