ჩვენმა რაგბისტებმა წარმატებებით გაგვანებივრეს. დღეს რაგბის არაერთი გულანთებული გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოფენა ასახავს ქართული რაგბის გზას ლელოდან მსოფლიო ჩემპიონატამდე. ხალხური რაგბიდან, რომელსაც დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დღესასწაულზე ოდითგანვე თამაშობდნენ, მაღალი რანგის თამაშამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ 20 ქვეყნის საუკეთესო გუნდს ხვდა წილად. ცოდნა, ძალა, გუნდურობა - ეს რაგბის თამაშის მთავარი ქვაკუთხედია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ და წარმატება ვუსურვო ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს! დღეიდან მთელი საქართველო თქვენი გულშემატკივარია! საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, ეხმიანება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ამჯერად რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს წარმოგიდგენთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.