საქართველოს ინიციატივით, მსოფლიოში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხი საერთაშორისო დოკუმენტით დარეგულირდა
პრესრელიზი
27 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი
მობ: +995 (599) 42-77-37;
ტელ: +995 (32) 292-00-55;
ელ-ფოსტა:gselimashvili@legalaid.ge
საიტი: www.legalaid.ge
საქართველოს ინიციატივით, მსოფლიოში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხი საერთაშორისო დოკუმენტით დარეგულირდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 აპრილი, 2012 - 25 აპრილს, ვენაში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისიამ (CPCJ) მიიღო რეზოლუცია სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის პრინციპებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესახებ. დოკუმენტის მიღების ინიციატორი საქართველო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო გახდა.
ეს არის პირველი გლობალური მასშტაბის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის ადგენს ძირითად პრინციპებსა და ინსტრუქციებს, სისხლის სამართლის საქმეებზე, სოციალურად დაუცველი და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის, ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამავე დროს, რეზოლუცია წევრ-სახელმწიფოებს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თავიანთი სამართლებრივი სისტემებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თავისებურებების გათვალისწინებით, შეიმუშაონ და დანერგონ რეზოლუციის იმპლემენტაციის ეფექტური მექანიზმები.
დოკუმენტზე ინტენსიური მუშაობა, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა მონაწილეობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეზოლუციამ საბოლოო სახე მიიღო 2011 წლის ნოემბერში ვენაში გამართულ საერთაშორისო საექსპერტო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც, საქართველოს მხრიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე უძღვებოდა.
”ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ჩავანაცვლეთ სახაზინო ადვოკატის საბჭოური მოდელი სოციალურად ორიენტირებული, დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების სისტემით, რომელმაც მოიპოვა როგორც საქართველოს მოსახლეობის ნდობა, ისე - ჩვენი უცხოელი კოლეგების აღიარება. საქართველოს მიერ რეზოლუციის მიღების ინიცირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა პოსტსოციალისტურ სივრცეში რეფორმების განხორციელების წარმატებული მაგალითია,” - აღნიშნავს ირაკლი კობიძე.
საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით, 2005-2007 წლებში განხორციელდა. დღეისათვის საქართველოს მოსახლეობას შეუძლია სახელმწიფოს ხარჯზე კვალიფიციური საადვოკატო მომსახურებითა და სამართლებრივი კონსულტაციებით ისარგებლოს. ამ სერვისებს, რეგიონული ოფისების მეშვეობით, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს. სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს.
###