ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/04/2025
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ დაიწყო შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია შინმოვლის მომსახურების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის თანახმად, თბილისის, ისევე როგორც სხვა რეგიონების მოსახლეობას საშუალება ეძლევა, მიიღოს მაღალი ხარისხის სოციალური და საექთნო ზრუნვის მომსახურება ბინაზე. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, მომსახურების მიღებისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება სხვადასხვა ორგანიზაციას: მომსახურების მიღების მსურველი მიმართავს განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს; მისი მომსახურების საჭიროებას ადგენს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება; ვაუჩერის მიღების შემდეგ იწყება ბენეფიციარის მომსახურება.

ამჟამად, სახელმწიფო პროგრამა ტესტირების პროცესშია. როგორც ყველა ახალი საქმის დაწყებისას, ტესტირებამ გამოავლინა მთელი რიგი ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად საქართველოს კარიტასი აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, პროგრამის სრულყოფის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარიტასს გააჩნია შინმოვლის მომსახურების 30-წლიანი გამოცდილება, საჭირო გახდა დამატებითი ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის, არსებული მომსახურების მოდელის, პროცედურების შესრულების და საქმის წარმოების სახელმწიფო პროგრამის და სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.


საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მისაწოდებლად, უკვე ჩაატარა ტრენინგები გორისა და თბილისის შინმოვლის გუნდებისთვის, ასევე ახალი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ მომსახურებას იწყებენ.


ტრენინგი მიეძღვნა იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც აუცილებელია რეგიონში ხარისხიანი და ეფექტური სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის თბილისის და გორის ოფისებმა უკვე დაიწყეს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მოსახლეობისთვის.
მომსახურების მსურველებს, მეტი ინფორმაციის მისაღებად, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ოფისს, რომელიც მდებარეობს ა. ქურდიანის ქ. №3 (ტელ.: 234-76-75) ან გორის შინმოვლის გუნდს, ნინოშვილის ქ. №90 (ტელ.: 591 91-38-49).


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 172