ოჯახის წევრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოხუცების, ქრონიკული პაციენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოვლის საქმეში. ავადმყოფობით გამოწვეული უუნარობის მქონე პირების ოჯახის წევრები ყოველდღიურად სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან, როგორიცაა ფინანსური, ემოციური, პიროვნული, სოციალური და სხვა, რაც გავლენას ახდენს მზრუნველის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ჯანმრთელობაზე და დასაქმებაზეც კი. ასეთ ოჯახებს, ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად, სჭირდებათ ინფორმაცია, დახმარება, ცოდნა და კონკრეტული რეკომენდაციები. თუ ოჯახის წევრები ვერ უმკლავდებიან მოვლის პროცესით გამოწვეულ სტრესს, ისინი, შესაძლოა, გადააწყდნენ მნიშვნელოვან სირთულეებს და დაუქვეითდეთ ცხოვრების ხარისხი.
საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის ფარგლებში, „ოჯახის წევრების მხარდაჭერის" ქვეპროექტი გასულ კვირას დაიწყო. პროექტის ბენეფიციარების ნათესავების მცირე ჯგუფმა, რომლებიც ყოველდღიურად ახლობელ ადამიანზე ზრუნავენ, რამდენიმე დღე დასავლეთ საქართველოში, მთის კურორტ საირმეში გაატარეს. ჯგუფს თან ახლდნენ პროექტის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, რომლებმაც მეგობრული და განტვირთვა-დასვენების ატმოსფერო შექმნეს, რამაც სასურველი პიროვნული ურთიერთობების და ჯგუფური სოციუმის ატმოსფერო შემოიტანა მათ ცხოვრებაში. საირმეში მყოფი მზრუნველებისთვის სუფთა ჰაერი და მთის ულამაზესი ხედები დადებითი ემოციური ეფექტის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ „გუნდთან" ურთიერთობა „მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრების" ფორმატით გაგრძელდება. ეს შეხვედრები საშუალებას მისცემს მათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, როგორ აიცილონ „გადაწვის“ სინდრომი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, ისწავლონ პრობლემებთან გამკლავების უნარ-ჩვევები, მოვლის მეთოდები ავადმყოფის დასახმარებლად.
ერთი წლის განმავლობაში ოჯახის წევრების სამი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში.