2022 წლის 10 ივნისს, 15:00 საათზე, ქ. თბილისის საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზში, (მისამართი: წერეთლის გამზირი# 118, პავილიონი #3) გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.
სერტიფიკატები გადაეცემათ საქართველოში ზრუნვის სფეროში ჩართული ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც 2018-2021 წლებში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს წმ. თამარ მეფის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ოთხწლიან სასწავლო პროგრამაში - (GEPA) "გერიატრიული პაციენტის შინმოვლა საქართველოში". პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების (DAAD) მხარდაჭერით.
პროექტის მიზანი იყო შინმოვლის ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლება საექთნო ზრუნვის გასაუმჯობესებლად. პროექტის თემები შეეხებოდა როგორც გერიატრიულ შეფასებებს, გერიატრიულ დაავადებებსა და დემენციის მქონე ადამიანების ღირსეულ მოვლას, ასევე თანამედროვე საექთნო მოვლის ტექნიკებისა და მეთოდების სწავლებას.
პროექტის დასასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ მიენიჭათ შინმოვლის მულტიპლიკატორების კვალიფიკაცია.
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის დროს აღრიცხულია 185000 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე და საჭიროებს შინმოვლას. მაგრამ ამ სახის მომსახურება არ არის შეტანილი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში. მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს ხელი მიუწვდება საქართველოს კარიტასის და სხვა მიმწოდებლების შინმოვლის მომსახურებაზე, რომელსაც აფინანსებენ საზღვარგარეთის დონორები. საქართველოს კარიტასი ლობირებს შინმოვლის ინტეგრაციის საკითხს ჯანდაცვის სისტემაში, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს მათთვის საჭირო გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური მომსახურება.
შინმოვლის მომსახურების მიწოდებასთან ერთად საქართველოს კარიტასი ხელს უწყობს ამ სფეროსთვის საჭირო კადრების მომზადებას, საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების დაგეგმარების და ადმინისტრირების საკითხებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მანანა ყუბანეიშვილი,
მედიასთან ურთიერთობის კონსულტანტი,
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა,
მობ: 599 43 10 77