კონკურსში წარდგენილ განაცხადებს 17 ქართველ ექსპერტთან ერთად, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, 11 საერთაშორისო ექსპერტიც შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან შედგება, მათ შორის: მარიანა ბოუგლე, შვედური CSR ორგანიზაცია „CSR Sweden”-ის აღმასრულებელი დირექტორი; ელენ კოენი, რომელიც მდგრადი განვითარების ლიდერთა ასეულშია შესული; ჟაკ სპელკენი, Engie Group-ის CSR მენეჯერი, და სფეროს სხვა წამყვანი პროფესიონალები.
კონკურსის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციები და სამთავრობო უწყებები, მათ შორის: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ქალაქ თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სხვა. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება და მონაწილე კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები და მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისათვის.