პრესრელიზი
24 მარტი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
მარიამ სპარსიაშვილი
ტელ: 895 11 45 46
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლიზინგის კანონმდებლობის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 მარტი, 2011 წელი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრზე, რომელიც ლიზინგის მარეგულირებელი გარემოს დახვეწას დაეთმო, მონაწილეებმა ლიზინგის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს. ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ლიზინგის ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძირითადად სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსებს ეხება.
შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ლიზინგის რეგულირების პრინციპულ საკითხებზე, რაც დაბეგვრის არსებულ სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ლიზინგის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, უფრო აქტიურ გამოყენებას. ლიზინგის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიერ მოწვეულმა მსოფლიო დონის საერთაშორისო ექსპერტებმა ლიზინგის დარგში. ჩარჩო კანონმდებლობის პროექტის დასრულება ერთი თვის ვადაშია დაგეგმილი.
„ლიზინგის საკანონმდებლო გარემოს დახვეწაზე ერთობლივი მუშაობა ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ლიზინგის ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ამ ალტერნატიული საშუალო ვადიანი ფინანსური ინსტრუმენტის უფრო აქტიურ გამოყენებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე" - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა კახა ბაინდურაშვილმა.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან ლიზინგის რეგულირების უმთავრეს, პრინციპულ საკითხებზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და იმედი გვაქვს, რომ ლიზინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გატანა შესაძლებელი იქნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე." - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ.