10 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გვანცა ასათიანი
კომუნიკაციების სპეციალისტი
2 231977
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი მორაგბეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს მართავენ
თბილისი, საქართველო - 12 დეკემბერი, 2012წ. 15:00სთ. რაგბის საწვრთნელი ბაზა ,,შევარდენი" ( ბ. ხმელნიცკის ქ. #40) უმასპინძლებს ამხანაგურ მატჩს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოს ნაკრების წევრებს და სხვა პროფესიონალ მორაგბეებს შორის. ამ თამაშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!" (United Nations Secretary General's UNiTE to End Violence against Women Campaign).
"დაუშვებელია ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ. ჩვენ, საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები მოვუწოდებთ რაგბის ყველა გულშემატკივარს და ზოგადად მამაკაცებს, რომ არასოდეს ჩაიდინონ, მოითმინონ და დაუშვან ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ", ამბობს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰაიგი.
გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულია საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც მატჩის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ არჩეულ საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.
მატჩში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰაიგი, ნაკრების წევრები და ვეტერანი მორაგბეები. მატჩს დაესწრებიან შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დიანა იანსე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია.