პრესრელიზი
16 მარტი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საქართველოში გლობალური ფულის კვირეული წელს მეორედ აღინიშნა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით, გლობალური ფულის კვირეული წელს მეორედ აღინიშნება. ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვის მეორე კვირაში იმართება, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. წლევანდელი კვირეულის დევიზია „დააგროვე დღეს, იყავი დაცული ხვალ" - Save today, safe tomorrow.
ფულის კვირეულის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტოგამოფენა, ხატვის კონკურსი, საჯარო ლექციები და ა.შ. მონაწილეთაგან საუკეთესოებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა. მოსწავლეებმა ეროვნულ ბანკში მოისმინეს ლექცია ეროვნული ბანკის ისტორიის, მისი ფუნქციებისა და დაზოგვის კულტურის შესახებ. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში კი ახალგაზრდები საკასო ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნა საშუალებას მისცემს უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას მიიღოს ინფორმაცია ფულისა და დაზოგვის კულტურის, ასევე პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელოვნების შესახებ, რაც ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის ერთ-ერთი წინაპირობაა.