ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს შექმნიდან ერთი წელი გავიდა
01/07/2014
პრესრელიზი

1 ივლისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646
Mail:gkikalishvili@pdp.ge

საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს შექმნიდან ერთი წელი გავიდა

დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნიდან ერთი წელი გავიდა. 
ინსპექტორი აპარატთან ერთად ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესრულებასა და ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ინსპექტორის მანდატს განსაზღვრავს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის შესახებ 108 კონვენცია, მისი დამატებითი ოქმი და მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულება. 
ინსპექტორის აპარატში ამჟამად 14 ადამიანი მუშაობს. ერთ წელიწადში შეიქმნა მოქალაქეთა განცხადებების მიღების და მათზე მუშაობის მოქნილი სისტემა, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოხდეს უფლების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება. 
ინსპექტორი კანონის ფარგლებში ახორციელებს საჯარო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერები შემოწმებას. ამ ეტაპისთვის ინსპექტორის ინიციატივით და მოქალეთა განცხადებების საფუძველზე, ინსპექტირება ჩაუტარდა 16 სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა 20-ზე მეტი კერძო ორგანიზაციიდან, შეფასდა 10-მდე ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა და სისტემა, რის შედეგადაც მოხდა გარკვეული ინფორმაციის წაშლა, გასწორება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ნაკლოვანებების გამოსწორება. 
თემის სიახლიდან გამომდინარე, ინსპექტორის აპარატისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვა, ამ მიზნით ერთი წლის განმავლობაში აპარატის თანამშრომლების მიერ გაიცა 595 კონსულტაცია, 466 საჯარო მოხელესა და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგი მონაცემთა დაცვის თემაზე, მათ შორის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. 
ინსპექტორის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროპული ქვეყნების ანალოგიურ ინსტიტუტებთან. 2013 წლიდან ინსპექტორის აპარატი წარმოადგენს საქართველოს ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომიტეტსა (T-PD) და 108 კონვენციის მოდერნიზაციის კომიტეტში (CAHDATA). 2014 ივნისსში, ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი აირჩიეს ევროსაბჭოს კომიტეტის ბიუროს წევრად. 2014 წლის აპრილში ინსპექტორის აპარატი გაწევრიანდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოთა გაერთიანებაში (CEEDPA), ხოლო ივნისში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა ევროპის კონფერენციაში. 
საქართველოში მონაცემთა დაცვის სტანდარტების დახვეწის მიზნით მზადდება თემატური და სექტორული რეკომენდაციები, ინსპექტორის პირველი რეკომენდაცია შრომით ურთერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.personaldata.ge. 
„პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია ბალანსის დაცვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ისეთ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და სხვა. 
რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა შეუძლებელია. ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისტემის შექმნა დიდი ძალისხმევას მოითხოვს, მათ შორის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მხრიდანაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა, რათა მათი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ხოლო მათი მონაცემების მოპოვება და შენახვა ხდებოდეს კანონის სრული დაცვით." - აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. 

წაკითხულია: 3312