ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/03/2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაუტარა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაუტარა.

გადამზადება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა, გამოძიების ხარისხის მონიტორინგის პროცესში მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მხრიდან მონაცემთა დაცვის საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებასა და არასრულწლოვანთა სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ საქმეთა გამოძიების პროცესში არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმოების პროცესში, დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებთან აქვთ შეხება.


მონაცემთა სიმრავლისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოს მიერ მონაცემთა არასათანადო დაცვა, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს და პირდაპირ აისახება მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მით უფრო იმ შემთხვევებში, როცა სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, მსხვერპლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი მონაცემებისა და მის მიერ სამართალდამცავი ორგანოსთვის მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობას.


სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიების ხარისხსა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირები ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, რათა იზრუნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოძიების პროცესში პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე, რათა იზრუნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოძიების პროცესში პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე და გააუმჯობესონ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების თითოეულ შემთხვევაზე.


ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა  გამოკითხვის მიმდინარეობისას, მათი მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აუდიო-ვიდეო გადაღების, გამოძიების პროცესში მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა, რადგან ეს საკითხები არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე მორგებული გამოძიების პროცესის არსებითი შემადგენელი ნაწილია.


ტრენინგის თემატიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკაზე იყო მორგებული და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ პრაქტიკული მაგალითებს და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. მსმენელებს, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებების კრებული გადაეცათ, რომელიც 22 რეალურ საქმეს აერთიანებს.


ტრენინგს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები - ჯონი ჩონიაძე, თამარ ჩხოლარია და ნინო ქურასბედიანი უძღვებოდნენ. კურსი, რომელიც 2 ჯგუფისთვის განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მა თანამშრომელმა გაიარა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. სამსახური მიზნობრივი ჯგუფების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.


 

ორგანიზაციის შესახებ

ვებ გვერდი - sis.gov.ge


საგამოძიებო მიმართულება - ცხელი ხაზი 199


პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება -2 42 1000


მისამართი : ქ. თბილისი ნ. ვაჩნაძის N 7/ მ. ასათიანის N 9


ქ. ქუთაისი ი. აბაშიძის N 22


 


 

წაკითხულია: 776