ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სახელმწიფო იურიდიული დახმარების თემაზე კონფერენცია გაიმართა
23/05/2012
 
პრესრელიზი
 

23 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი
მობ: +995 (599) 42-77-37;
ტელ: +995 (32) 292-00-55;
ელ-ფოსტა:gselimashvili@legalaid.ge
საიტი: www.legalaid.ge  
 
სახელმწიფო იურიდიული დახმარების თემაზე კონფერენცია გაიმართა 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 23 მაისი, 2012 - დღეს, თბილისში, სასტუმრო ”ქორთიართ მარიოტში”, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე კონფერენცია მოეწყო. ღონისძიება გახსნეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი არსოშვილმა, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ - გიორგი ჩხეიძემ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორმა - ქეთი ვაშაკიძემ. კონფერენციას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები დაესწრნენ. 
 
 
 
ღონისძიება იურიდიული დახმარების სამსახურსა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას სოციალურად დაუცველი პირებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ირაკლი კობიძემ ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელთა შედეგად მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებით, იურიდიული კონსულტაციებითა და დოკუმენტების შედგენის სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიმართულებით.

გაიმართა  ”იურიდიული დახმარების სამსახურის საჭიროებების და შესაძლებლობების კვლევის” შედეგების პრეზენტაციაც. მომხმარებელთა შეფასების მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურების ხარისხი მაღალია და ბენეფიციართა მოთხოვნებს შეესაბამება. სამსახური მოხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს. გამოკითხულთა უმრავლესობა მომსახურების პროცესით კმაყოფილია. ამასთან ერთად, კვლევამ უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებისა  და იურიდიული დახმარების სამსახურის ადამიანური რესურსების განვითარების საჭიროება გამოავლინა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს არასამთავორბო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებზეც, რომლებიც იურიდიული დახმარების სფეროს შემდგომ რეფორმირებას, კერძოდ, ახალი სერვისების დანერგვას, საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის  ხელშეწყობასა და იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ეხება.  დასასრულს კი დისკუსია გაიმართა.

”სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში” - ასე ჰქვია CiDA-ს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი კონფერენცია მოეწყო. ღონისძიება დაფინანსებული იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით.
 
 
### 
წაკითხულია: 2644

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში