ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/07/2026
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს იწყებს. უწყებამ უკვე გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს და სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება 2026-2027 წლებშია დაგეგმილი. სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ვადები და ბიუჯეტი განპირობებულია ძეგლის სირთულით და იმ მრავალწლიანი, ეტაპობრივი კვლევებით, რომლებიც ტაძრის სპეციფიკიდან გამომდინარეა საჭირო.


პროექტი ითვალისწინებს სვეტიცხოვლის - როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არსებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის - სრულ დიაგნოსტიკას, ჰოლისტიკურ კონსერვაციას და მონიტორინგს.


დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: ტაძრის ახლანდელი მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა; ისტორიულ-არქივული, არქიტექტურული, საინჟინრო და გეოლოგიური კვლევები;სეისმური და კლიმატური პირობების ანალიზი;
საკონსერვაციო დოკუმენტაციისა და მონიტორინგის სისტემის მომზადება.


 

„სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, სახელმწიფოებრივი და სულიერი ღირებულება აქვს. პროექტი მიზნად ისახავს ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მის გადაცემას მომავალი თაობებისთვის," - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, წინასწარი კვლევების გარეშე შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ზუსტი მოცულობისა და ვადების დადგენა, რის გამოც პროცესი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ეტაპად არის დაყოფილი.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 33