პრესრელიზი
20 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისის მერია
ტელ: 37 83 37
ვებ-გვერდი: www.tbilisi.gov.ge
სიხარულის დღე დევნილ ბავშვებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 20 აგვისტო - ფერისცვალების დღესასწაულზე ვაკის პარკმა ახლომდებარე ბაღებსა თუ სკოლებში, ყოფილ ფინანსთა სამინისტროს შენობაში გადანაწილებულ დევნილ ბავშვებს უფასოდ უმასპინძლა. ღონისძიების ინიციატორი თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო შპს ”თბილისის პარკები “ და ”ტაოპრივატბანკი“ იყვნენ.
აქციის სულისჩამდგმელთა ძალისხმევით ომის საშინელებას გამოქცეული ბავშვების სახეებს ფერისცვალების დღესასწაულზე დილიდან ღიმილი არ შორდებოდათ. 3-12 წლის ასაკის ბავშვები სხვადასხვა ატრაქციონებზე იქცევდნენ თავს, შედარებით უმცროსების ყურადღებას სათამაშო მანქანები, ცხენები თუ სხვა ცხოველები იპყრობდნენ.
დღის მეორე ნახევარში აქციამ მუშტაიდის ბაღში გადაინაცვლა, სადაც ატრაქციონებზე გასართობად "თბილისის პარკებმა“ №166 და №155 საჯარო სკოლებში მცხოვრები ლტოლვილი ბავშვები მიიწვია.
მხიარულების დასასრულს სტუმრად მოწვეულ ბავშვებსა და მათ მშობლებს ხის ფანჩატურში მასპინძლები სხვადასხვა ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ბავშვებს სამახსოვროდ საჩუქრებიც გადაეცათ.
თბილისს შეხიზნული პატარა ლტოლვილებისთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა. ამაზე ბავშვების გაცისკროვნებული თვალები და ღიმილიანი სახეები ნათლად მეტყველებდნენ.
###