მონაწილეები, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელებენ სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე. აგრეთვე, კონფერენციაზე მოწვეული საჯარო სკოლების დირექტორები განიხილავენ სკოლაში ხარისხის მართვის და სასწავლო პროცესის ლიდერობის საკითხებს.
"მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ორ თემას მივაქცევდი ყურადღებას: მშობლების ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და პედაგოგიური კოლექტივის მოტივაციის ამაღლებას. მჯერა, რომ სკოლის მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ეს აუცილებელი წინაპირობაა. სკოლამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც წახალისებული იქნება თანამშრომლობა და არა კონკურენცია." - ალექსანდრე ჯეჯელავა, განათებისა და მეცნიერების მინისტრი.
„21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები უკვე სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ექსკლუზიური, განახლებული ცოდნა მივაწოდოთ სასკოლო საზოგადოებას. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი სწორედ ამ სიახლეზეა ორიენტირებული და ეს მოსწონთ პროექტში ჩართულ პედაგოგებს. ყოველივე ამას მივყავართ პროექტის ძირითადი მიზნისკენ - მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უკეთეს გარემოში, მიიღონ უკეთესი ცოდნა, რაც მათ სამომავლო პერსპექტივებზე აისახება,“ განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.
ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებს და დავნერგოთ პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზოგადი განათლების პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს 21-ე საუკუნის სკოლის მოდელის დანერგვა. შესაბამისად, ლიდერობის აკადემია გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა. განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.