პრესრელიზი
9 სექტემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე ფრანგ სენატორ დენის ბადრესა და ბასკეთის ნაციონალური პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორს ხოსე მარია ეჩებარიას შეხვდა
სტუმრების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა რა ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითრების მხრივ, როგორ მიმდინარეობს არსებული პრობლემების გადაჭრა და როგორია სამომავლო სტრატეგია.
დავით შერვაშიძემ შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მოკლე დროში დარგის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. „შემუშავდა და ძალაში შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სოფლის მომავალს და სტიმულს მისცემს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას; გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ფინანსური რესურსი იაფი აგროკრედიტის პროექტის საშუალებით; დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთთან ჩვენი პროდუქციისთვის გასაღების ბაზრის მიზნით და მივაღწიეთ გარკვეულ პოზიტიურ შედეგსაც. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევძლოთ საკუთარი ნიშა დავიკავოთ მსოფლიო ბაზარზე და გავიტანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის, ხილი, ბოსტნეული, თხილი, ჩაი, ციტრუსი და, რა თქმა უნდა, ღვინო, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ბიოწარმოების შესახებ" შემუშავებულ დადგენილებას, რომელიც ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.
როგორც დავით შერვაშიძემ აღნიშნა, ბიოწარმოებას სამინისტროს მხიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან იმისთვის, რომ ევროპის 400 მლნ-იან ბაზარზე ჩვენი ბიოპროდუქციის გატანა შევძლოთ.