14 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
0159, მარშალ გელოვანის გამზ.#6,თბილისი,საქართველო
ტელ: +995 32 237 80 09; მობ:+995 577 08 00 87;
ელ-ფოსტა: t.goderdzishvili@moa.gov.ge
ვებ–გვერდი: www.moa.gov.ge
სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე და მინისტრის მოადგილე ილია კვიტაიშვილი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანნა ვარმინსკას და საელჩოს მეორე მდივანს ეკონომიკის საკითხებში, მაჩეი ხჟანოვსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. დავით შერვაშიძემ პოლონელ სტუმრებს საქართველოს მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ანნა ვარმინსკამ დადებითად შეაფასა სამინისტროში მიმდინარე პროგრამები და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ილია კვიტაიშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში პოლონეთის დიდ გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გამოცდილების გაზიარება ისეთი კუთხით, როგორიცაა სუბსიდირებული აგროდაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება და ექსტენციის ცენტრების განვითარება უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა პოლონელი ინვესტორებისთვის მომავალში ბიზნეს ფორუმის გამართვის სურვილი გამოთქვეს. ანნა ვარმინსკამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა დადებით შედეგების მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბიოწარმოების განვითარების და პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის საკითხებს.