ბათუმი. 2016 წლის 30 ივნისი - 2016 წლის 27-30 ივნისს აჭარაში გაიმართა მედია ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მდე ჟურნალისტმა სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებებიდან. მედია ტურის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის ხელშეწყობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.
მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ პროგრამას „ენპარდ" (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის), რომელიც აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაცნობამ და მცირე ფერმერებთან გასაუბრებამ შესაძლებლობა მისცა ჟურნალისტებს, თავად შეეფასებინათ ფერმერთა კოოპერატივების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
28-29 ივნისს ჟურნალისტები ესტუმრნენ მაღალმთიანი აჭარის, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ჯაბნიძეებს, ახოს, ოქტომბერსა და ზენდიდს, სადაც დაათვალიერეს თხილის პლანტაციები, საკალმახეები და სასათბურე მეურნეობები.
30 ივნისს ჟურნალისტები შეხვდნენ იანოშ ჰერმანს - ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ნილს სკოტს - გაეროს ელჩს საქართველოში, არჩილ ხაბაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზაურ ფუტკარაძეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ნოდარ კერესელიძეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით გალეგაშვილს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს.
მათ ერთად მოინახულეს კენკროვანების პლანტაცია სოფელ ოჩხამურში, რომელიც ენპარდის დახმარებით გააშენა ფერმერთა კოოპერატივმა „ლურჯა", ხოლო შემდეგ ეწვივნენ აჭარის აგროსერვისცენტრის ქობულეთის ფილიალს.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობას და გაეროს განვითარების პროგრამასთან, საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას ქმედითი წვლილი შეაქვს მცირე ფერმერთა კოოპერაციის დანერგვაში და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მხოლოდ აჭარაში ენპარდის მეშვეობით გაიხსნა 70-ზე მეტი წარმატებული კოოპერატივი, ხოლო საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებით ათი ათასზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა", - განაცხდა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
„ენპარდის მიღწევები აჭარაში საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ ჩვენ ველოდებით მისი ახალი ეტაპის დაწყებას, რათა განვაგრძოთ სოფლის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში", - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ელჩმა საქართველოში.
პროგრამა „ენპარდ" განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013-2016 წელს. ენპარდ - აჭარას ბიუჯეტმა 3.3 მილიონი ევრო შეადგინა. მეტი ინფორმაცია იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/1muA2CM
საკონტაქტო ინფორმაცია:
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: Sophie.Tchitchinadze@undp.org, 599 196907
• თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu +995 32 294 3763