ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე სპარ საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნება.
ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, სპარ საქართველო, ყველა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.
საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.