ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში: იწყება ქართველი პროფესიონალების შერჩევა საზოგადოებრივი კავშირების 2009 წლის პროგრამებისათვის
17/03/2009

 

პრესრელიზი

17 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ფრუიძე
ტელ: 223847; 250071
ელ.ფოსტა: tamuna.pruidze@ph-int.org
ვებ.გვერდი: www.ccgeorgia.ge & www.ph-int.org

სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში:

იწყება ქართველი პროფესიონალების შერჩევა საზოგადოებრივი კავშირების 2009 წლის პროგრამებისათვის

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 მარტი, 2009  - 18 მარტიდან საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, იწყებს 2009 წლის ჯგუფების შერჩევის პროცესს. წელს საქართველოდან 30  მონაწილე შეირჩევა. პროფესიონალების შერჩევა მოხდება შემდეგი სფეროებიდან:

მედია ადვოკატირება - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
მედია ადვოკატირების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიგონ თუ როგორ არის დაცული ჟურნალისტების დამოუკიდებლობის საკითხები აშშ-ში,  რა მექანიზმები მუშაობს პოლიტიკური და ფინანსური გავლენების საპირისპიროდ, როგორ არის დაცული პროფესიული ეთიკის ნორმები, ობიექტური  გაშუქების და თანამშრომელთა კონტრაქტების საკითხები.   პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ მუშაობს მედია ადვოკატირების ჯგუფები და როგორ არის დაცული ამერიკაში პრესის თავისუფლება. მედია ადვოკატირების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც დამოუკიდებელ, ასევე სახელმწიფო ბეჭდვით, ელექტრონულ და ონლაინ მედია საშუალებების მენეჯერებს; მედია ადვოკატირების საკითხებზე მომუშავე ლიდერებს, მედია ასოციაციების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და ლექტორებს ჟურნალისტიკაში, რომლებიც ასწავლიან ეთიკურ ჟურნალისტურ სტანდარტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. 

კრიზისების მართვა - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
კრიზისების მართვის პროფესიული პროგრამის ფარგლებში შეირჩევა სხვადასხვა სახის ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფების საკითხებზე მომუშავე 10 კაციანი ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან ამერიკელ კოლეგებს და გაეცნობიან, თუ როგორ ხდება კრიზისების პრევენცია, კრიზული სიტუაციებისთვის მზადება და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია, ისევე როგორც კრიზისებზე და კატასტროფებზე რეაგირების ეროვნულ და ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, მობილიზაციის და კოორდინაციის საკითხებს, მოხალისეთა და სამთავრობო სტრუქტურების წვრთნასა და მზადების საკითხებს. კრიზისების მართვის პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან კრიზისებზე და კატასტროფებზე რეაგირების ეროვნულ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და განხორციელებაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და იმ ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ სათემო დონეებზე.

ხელოვნების ფესტივალების მენეჯმენტი - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)
ხელოვნების ფესტივალების მართვის პროფესიული პროგრამა საშუალებას მისცემს მონაწილეებს შეისწავლონ, თუ როგორ ხდება ფესტივალების დაგეგმვა, ორგანიზება, ფონდების მოძიება და მისი მარკეტინგი აშშ-ში. პროგრამა მონაწილეებს გააცნობს თუ როგორ თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო სექტორი ფესტივალების ორგანიზების საკითხებში, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი.  ხელოვნების ფესტივალების მართვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვნების ფესტივალების მენეჯერებს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის და ქალაქის მუნიციპალიტეტების კულტურის განყოფილებების წარმომადგენლებს, ისევე როგორც იმ პროფესიონალებს, რომლებიც ასწავლიან ხელოვნების მენეჯმენტს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

სამივე პროფესიული ჯგუფი გაემგზავრება აშშ-ში 3 კვირით 2009 წლის განმავლობაში.
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა:

  • უზრუნველყოფს მონაწილეებს პროფესიული ტრენინგებით და აცნობს მათ ამერიკის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • ხელს უწყობს საქართველოში საზოგადიებრივ და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • ამყარებს კავშირებს აშშ-ს შტატებსა და საქართველოს რეგიონებს შორის.

პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. პროგრამა მოიცავს სემინარებს, შეხვედრებს, ადგილზე ვიზიტებს და ამერიკელ პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებს. პროგრამის მონაწილეები გადიან სამკვირიან სტაჟირებას და ცხოვრობენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში. ყველა ხარჯს, როგორიცაა მგზავრობის ღირებულება აშშ-ში, დაზღვევა, პროფესიული და კულტურული პროგრამები, საცხოვრებელი ადგილის გადასახადი და კვება ფარავს პროგრამა გარდა მონაწილეთა პასპორტის ღირებულებისა და საქართველოს ფარგლებში მგზავრობისა.

ორგანიზაციის შესახებ:
საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია "PH International". დამატებითი ინფორმაციისთვის პროგრამის შესახებ ესტუმრეთ ვებგვერდს www.ccgeorgia.ge ხოლო ორგანიზაციის შესახებ ინფრომაციის მისაღებად ვებგვერდს: www.ph-int.org

###

წაკითხულია: 8989