ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში: იწყება ქართველი პროფესიონალების შერჩევა საზოგადოებრივი კავშირების 2010 წლის პროგრამებისათვის
18/11/2009


 
პრესრელიზი

18 ნოემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამარ ფრუიძე
ტელ: 223847; 250071
ელ.ფოსტა: tamuna.pruidze@ph-int.org 
ვებ.გვერდი: www.ccgeorgia.ge & www.ph-int.org

სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში:

იწყება ქართველი პროფესიონალების შერჩევა საზოგადოებრივი კავშირების 2010 წლის პროგრამებისათვის

[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 ნოემბერი, 2009 - საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, იწყებს 2010 წლის ჯგუფების შერჩევის პროცესს. წელს საქართველოდან 30  მონაწილე შეირჩევა. პროფესიონალების შერჩევა მოხდება შემდეგი სფეროებიდან:

ფილმების დაარქივება - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)

ფილმების დაარქივების პროფესიული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ნახონ ამერიკული წამყვანი ორგანიზაციების გამოცდილება, რომლებიც კონკრეტულად  ფილმების არქივის შექმნაზე და მის განვითარებაზე მუშაობენ. ამერიკაში ვიზიტის  მონაწილეები შეისწავლიან თუ როგორ ხდება ფილმების დაცვა, აღდგენა და შენახვა, დაამყარებენ კონტაქტებს მათ ამერიკელ კოლეგებთან და გაეცნობიან თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს ფილმების დაარქივების პროცესში.

ფილმების დაარქივების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართული კინო ცენტრის, ეროვნული არქივის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქართული ფილმის და ფილმის მუზეუმის წარმომადგენლებს, პროფესიონალებს, მენეჯერებს და ტექნიკურ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ფილმების არქივის შექმნაზე. აგრეთვე, სახელმწიფო ასევე არასამთავრობო სტრუქტურების  წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული ფილმების არქივის შექმნას  და განვითარებას საქართველოში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი  - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)

საზოგადოებრივი მაუწყებელის პროფესიული პროგრამა საშუალებას მისცემს ქართული მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს,  მედიის სფეროს პროფესიონალებს და ლიდერებს დეტალურად გაიცნონ ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემა ტელევიზიებისა და რადიოების ჩათვლით. მონაწილეები ნახავენ საზოგადოებრივი მაუწყებლობის წარმატებული მართვის მოდელებს, შეისწავლიან თუ როგორ ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური, ჯანდაცვითი, მეცნიერული და კულტურული საკითხების მიმოხილვა, რათა მომავალში გააფართოვონ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მაუწყებლობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის პროფესიული პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს, გადაცემების პროდიუსერებს და ჟურნალისტებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტიურ წარმომადგენლებს, რომლებიც კონკრეტულად მედიის განვითარებაზე მუშაობენ, მედია ადვოკატირების ჯგუფის ლიდერებს,  სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს და კანონმდებლებს, რომლებიც სპეციალიზირებული არიან მედია საკითხებში.

ნარჩენების გადამუშავება - ქვეყნის მასშტაბით (10 მონაწილე)

ნარჩენების გადამუშავების პროფესიული პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა ჯგუფი, რომელსაც საშუალება ექნება ნახოს და გაიცნოს ნარჩენების გადამუშავებაზე სპეციალიზირებული კომპანიები და ორგანიზაციები. ჯგუფის მონაწილეები გაეცნობიან ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიებსა და მართვას, შეისწავლიან თუ რა გარემოსდაცვითი და ფინანსური სარგებელი აქვს ნარჩენების გადამუშავებას. ასევე გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს ნარჩენების გადამუშავებაზე და შეისწავლიან თუ როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავების პოპულარიზაცია კერძო ბიზნესის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

ნარჩენების გადამუშავების პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიების მენეჯერებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ნარჩენების გადამუშავების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება  და  ხელს უწყობენ ამ პროცესის განვითარებას საქართველოში.

სამივე პროფესიული ჯგუფი გაემგზავრება აშშ-ში 3 კვირით 2010 წლის განმავლობაში.

საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა:

  • უზრუნველყოფს მონაწილეებს პროფესიული ტრენინგებით და აცნობს მათ ამერიკის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყოველდღიურ საქმიანობას;
  • ხელს უწყობს საქართველოში საზოგადიებრივ და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
  • ამყარებს კავშირებს აშშ-ს შტატებსა და საქართველოს რეგიონებს შორის.

პროგრამა ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. პროგრამა მოიცავს სემინარებს, შეხვედრებს, ადგილზე ვიზიტებს და ამერიკელ პროფესიონალებთან პირისპირ შეხვედრებს. პროგრამის მონაწილეები გადიან სამკვირიან სტაჟირებას და ცხოვრობენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში. ყველა ხარჯს, როგორიცაა მგზავრობის ღირებულება აშშ-ში, დაზღვევა, პროფესიული და კულტურული პროგრამები, საცხოვრებელი ადგილის გადასახადი და კვება ფარავს პროგრამა გარდა მონაწილეთა პასპორტის ღირებულებისა და საქართველოს ფარგლებში მგზავრობისა.

ორგანიზაციის შესახებ

საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი როგორც პროექტი ჰარმონია). დამატებითი ინფორმაციისთვის პროგრამის შესახებ ესტუმრეთ ვებგვერდს www.ccgeorgia.ge ხოლო ორგანიზაციის შესახებ ინფრომაციის მისაღებად ვებგვერდს: www.ph-int.org.
 
###

 

წაკითხულია: 8289