26 ნოემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, კერძოდ ქალაქ ლვოვში გაემგზავრა.
დღეს, 26 ნოემბერს, ქალაქ ლვოვში, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გიორგი სიგუამ უკრაინის წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია უკრაინულ ენაზე გამართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ზამთრის კურორტების სიახლეებზე ისაუბრა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შეკრებილ საზოგადოებას ქუთაისიდან ლვოვის მიმართულებით პირდაპირი რეისის დანიშვნის თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი სიგუა, ლვოვის ოლქის გუბერნატორს ოლეგ სალოს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრო.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ავიაკომპანია „ვიზაირ"-ის წარმომადგენლები რომლებმაც ოლეგ სალოს და გიორგი სიგუას თანამშრომლობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს რომ უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტში ვიზაირის ფრენებისა და მიმართულებების რაოდენობა კიდევ იფრო გაიზრდება.
უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია ტურისტების მოზიდვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უკრაინის ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. 2011 წელს საქართველოს ესტუმრა 58 966 უკრაინელი ვიზიტორი, რაც 24% მეტია წინა წლის მაჩვენებელთან. 2012 წელს ჩამოვიდა 76 610 ტურისტი - 30%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2013 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით უკრაინიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 106 802. ეს მაჩვენებელი 67%-ით მეტია 2012 წლის 10 თვის მაჩვენებელთან. ამ დადებითი ტენდენციის შესანარჩუნებლად ადმინისტრაცია აგრძელებს დამატებითი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებას.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ. კიევში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია ადგილობრივ ტურ-ოპერატორებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც ,რომ ქ.დონეცკში, ქ.კიევში, ქ.ხარკოვში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის თვიდან ახორციელებს მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს.
საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა 29 ნოემბერს ქ. დნეპროპეტროვსკში და 2 დეკემბერს ქ. ოდესაში წარსდგება.