პირველი კრიოაბლაცია - წინაგულების ფიბრილაციის უნიკალური სამკურნალო პროცედურა, საქართველოსა და ამიერკავკასიაში 2016 წლის დეკემბერში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში (არითმიების მართვის ცენტრ „რიტმარტში“) ჩატარდა. პროცედურა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებულმა ქართველმა ექიმმა, ზვიად მათოშვილმა ჩაატარა. ის პირველი და ერთადერთი ექიმია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის გულის რიტმის ასოციაციის ზეპრესტიჟულ, ყველა (ოთხივე) სერტიფიკატს ფლობს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაზე მეტი, დაახლოებით 100-ზე მეტი კრიოაბლაციის პროცედურა ჩატარდა. პაციენტების უმრავლესობა კი დღეს აქტიურ ცხოვრებას ეწევა და მათ ფაქტობრივად უკვე დაძლეს მოციმციმე არითმიასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მათ შორის მოციმციმე არითმია, (წინაგულთა ფიბრილაცია) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი ის დაახლოებით 40 000 ადამიანს აწუხებს. ბოლო სტატისტიკით, პაციენტების 70%-ზე მეტს, რომლებსაც კრიოაბლაცია ჩაუტარდათ მოციმციმე არითმია აღარ აღენიშნებათ, რაც საუკეთესო ევროპული ცენტრების მაჩვენებელს უტოლდება. კრიოაბლაცია გარდა იმისა, რომ გამოჯანმრთელების მაღალ საშუალებას აძლევს პაციენტს, ასევე ხაჯთეფექტურიცაა. წარმატებული პროცედურის შემდეგ პაციენტის შრომის უნარის შეზღუდვისა და სიკვდილიანობის ალბათობა მნიშვნელოვნად უმცირდება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, კრიოაბლაციის პროცედურა ამცირებს შემდგომ რისკებს, რაც შემდგომი გართულებების ხარჯებსაც გამორიცხავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიოაბლაციის პროცედურის ხარჯების უდიდეს ნაწილს საქართველოს პენსიონერი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო (საყოველთაო) დაზღვევა აფინანსებს.