უკვე მეხუთე წელი იწურება, რაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს და იმ მცირე კერძო ფონდებს შორისაა, რომლებიც საქართველოში, ამ სფეროში ფილანტროპიას ახორციელებენ.
რეტროსპექტრულად თუ შევხედავთ, ყველაფერი ფონდის დამფუძნებლის, ქალბატონი ინა გუდავაძის გადაწყვეტილებით დაიწყო, შეექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ქვეყნის განათლების სისტემის გაუმჯობესებაში დიდ წვლილს შეიტანდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ პირველი პროექტია, რომლის დაფინანსებაც ფონდმა მცირე ბიუჯეტის პირობებში დაიწყო და იგი ერთგვარი გამოწვევაც იყო ახლადშექმნილი ორგანიზაციისთვის, რადგან უცნობი იყო, თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა მისი სამომავლო საქმიანობა. საბედნიეროდ, წლიდან წლამდე გაიზარდა როგორც ,,გპფ-ს“ მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების რაოდენობა, ასევე, ფონდის ბიუჯეტიც. მომდევნო წლებში ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: პროფესიული განათლება, სასწავლო რესურსების შექმნა, უმაღლესი განათლება და სასტიპენდიო პროგრამა, სკოლის დირექტორთა მოტივაცია და მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, არაფორმალური განათლება და სხვა ისეთი პროექტები, რომლებიც ემსახურება განათლების სისტემაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას, რათა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ და ოჯახმა მიიღოს ამით სარგებელი. საკუთარი მოკრძალებული საქმიანობით ფონდს სურს, რომ უპირველეს ყოვლისა მოტივაცია და საშუალება გაუჩინოს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს და ამასთან ერთად, ფილანტროპული საქმიანობით კაპიტალი დააბანდოს ქვეყნის მომავალში.
2021 წელიც ერთ-ერთი გამორჩეული და ნაყოფიერი იყო ფონდისთვის. წელს ,,გპფ-მ’’ გააგრძელა აღებული კურსი და არაერთი პროექტი დააფინანსა, მათ შორის იყო პანდემიით შექმნილი გამოწვეების საპასუხოდ დაგეგმილი სხვადასხვა მცირე და საშუალო ზომის საგანმანათლებლო პროექტები. ასეთი პროექტის ფარგლებში სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის მიერ შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრატორებს დაეხმარებოდათ, უკეთ ემართათ ონლაინ სასკოლო პროცესი პანდემიის დროს.
ახალ პროექტებს შორის, 2021 წელს, გამორჩეული იყო USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი - დაწყებითი საფეხურის წიგნიერებისა და მათემატიკის „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“. ფონდმა სამი რეგიონის – კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად პროგრამას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული პედაგოგი გამოვლინდა. თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ტრადიციულად, გამორჩეული იყო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოც, რომელიც ათასწლეულის ფონდთან ერთად 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. გვახარებს ის ფაქტი, რომ წელს პროექტში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა და მის ფარგლებში ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა დიდი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლებით სტუდენტების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაში.
გამორჩეული და საინტერესო იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც, რომელიც განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლიდან ტარდება. ფონდი აღნიშნული პროექტის გენერალური სპონსორია. წლიდან წლამდე არამარტო კოლეჯებისა და ინოვატორი პედაგოგების ჩართულობა იზრდება, არამედ მზარდია კერძო თუ დონორი ორგანიზაციების ინტერესი, მხარი დაუჭირონ მსგავს ინიციატივას.
ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივების სია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა პროექტმა, რომელიც არაფორმალური განათლების მიმართულებით ხორციელდება და მოსწავლეებისა და პედაგოგების დებატების კულტურის დანერგვას ემსახურება. აღნიშნული პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ უკვე მეორე წელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს და დებატების ტექნიკას მოქმედ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად უკვე მომავალი პედაგოგი სტუდენტებიც ეუფლებიან.
2021 წელს ახალი თემატური მიმართულებით ფონდმა მხარი დაუჭირა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სახლს - ეროვნული უმცირესობებისათვის სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
გასულ წელს ფონდის ინიციატივით დაწყებული სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა და იგი უკვე 6 სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფაკულტეტის 60 სტუდენტს აერთიანებს. აღნიშნული პროგრამით ფონდი მომავალი პედაგოგების წახალისებას ახორციელებს, რათა მეტი მოტივაცია მიეცეთ მათ, უკეთ დაეუფლონ პროფესიას, და ამასთანავე, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს მასწავლებლობით. ასევე, გაგრძელდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს თოთხმეტი სტუდენტის მხარდაჭერა სასწავლო გრანტებით.
2021 წელს ფონდს კიდევ ერთი სიახლე ჰქონდა. გარდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისა, ორგანიზაცია, ასევე, დაინტერესებულია, რომ ერთმანეთს დააკავშიროს ფონდის გრანტიორები და მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რათა რაც შეიძლება მეტმა პედაგოგმა, მოსწავლემ და მომავალმა მასწავლებელმა მიიღოს სარგებელი. ამის ნათელი მაგალითია ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტების მიერ შექმნილი სტუდენტური კლუბი, რომელიც ფონდის სტიპენდიანტებს აერთიანებს. ნოემბერში გაიმართა სტუდენტური კვირეული, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა თითქმის ყველა რეგიონში. მისი მიზანი იყო, რომ უკვე შემდგარ პედაგოგებს, ქოუჩებს, წარმატებულ დირექტორებსა და საგნის ექსპერტებს საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ მომავალი მასწავლებლებისათვის. ფონდის ყველა გრანტიორ ორგანიზაციას, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს, რომლებმაც აიტაცეს და უანგაროდ ჩაერთნენ ფონდისა და სტუდენტების ინიციატივაში, ასევე უნივერსიტეტებს, რომლებმაც სრულად დაუჭირეს ამ იდეას მხარი, უდაოდ ეკუთვნით მადლობის გადახდა.
სხვადასხვა პროექტის დაფინანსებით ფონდი ცდილობს, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლების აღიარებასა და დაფასებას, ასევე, მათი უკეთესი მეთოდოლოგიებით, სასწავლო რესურსებითა და უნარებით აღჭურვას, მეორე მხრივ, ახალგაზრდების პედაგოგის პროფესიით დაინტერესებას და მათ წახალისებას, ამავდროეულად, გამოცდილების გაზიარების პლატფორმების შექმნას.
უნდა აღინიშნოს ის მეცენატი, კომერციული თუ დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც ,,გპფ-სთან“ ერთად გახდნენ საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური, თუ სხვა სახის მხარდამჭერნი. ერთობლივი ძალისხმევა სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებას.
ფონდის შესახებ:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით ,,გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. ,,გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში 3 მლნ. (სამ მილიონ) ლარს აღემატება.
ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.gpf.ge https://www.facebook.com/GudavadzePatarkatsishviliFoundation/
+995 32 2484441
ელ. ფოსტა: info@gpf.ge