გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალისშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და განათლების ფაკულტეტის ხელმძღვანელებსა და ლექტორებს შეხვედა. შეხევდრაში ფონდის სტიპენდიანტებმა და ასევე პროფესიული განათლების ჯილდოს გამარჯვებულებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა სტიპენდიანტებს გააცნო ის სიახლეები და პროექტები რაც ფონდში მიმდინარეობს. ასევე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად შეიძლება დაიგეგმოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში.
შეხვედრის ფარგლებში კოლეჯ ბლქესის ხელმძღვანელმა, პედაგოგმა და წლის სტუდენტმა სტიპენდიანტებს იმ მიღწევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის შედეგადაც 2023 წელს პროფესიული განათლების ჯილდო მოიპოვეს.
წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამა "მომავალი პედაგოგი" ფონდის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ, ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ₾-ს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.
პროგრამის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 100-მდე სტუდენტი დააფინანსა. დღეს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა ნაწილი კი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდის პარტნიორები არიან: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.