პრესრელიზი
19 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ტოკლიშვილი,
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო",
+995 595 221 999,
anuka@osgf.ge
ფოტოგამოფენა „ღია გალერეაში" და ახალგაზრდული მსვლელობა კუს ტბაზე
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება
ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 მარტი, 2012 - 21 მარტს თბილისი უმასპინძლებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნება და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდება.
15:00 საათზე კუს ტბაზე გაიმართება ახალგაზრდული მსვლელობა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის ამერიკული აკადემიის 200-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების რექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
17:00 საათზე „ღია გალერეაში" (ჭოველიძის ქ.10) ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით გაიმართება ფოტოგამოფენა: პორტრეტები და შემოქმედებითი სიტუაციები. ცნობილი ფოტოგრაფის ლევან ხერხეულიძის ნამუშევრები ასახავს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების აქტიურ ჩართულობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ფოტოექსპოზიციის პარალალურად წარმოდგენილი იქნება თერაპიის სახლის ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც.
„დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში", - ამბობს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მეშვიდე წელია აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად ეს დღე წელს აღიარა. 2012 წლის 21 მარტს გაეროს შტაბ ბინაში ნიუ იორკში გაიმართება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ჩვენი მომავლის შენება".
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org
ანა ტოკლიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო", +995 595 221 999, anuka@osgf.ge