პრესრელიზი
12 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
ქართული ღვინო და კონიაკი რუსულ ბაზარზე ბრუნდება
დღეს, „კომერსანტის" ბიზნეს კლუბში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მედიის წარმოომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 7 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები რუსულ ბაზარზე ბრუნდება. რუსეთის მიერ ემბარგოს მოხსნის შემდეგ, კომპანიები ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა" და ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია" რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანას იწყებენ.
,,ამ დღეებში, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიცა პირველი საექსპორტო სერტიფიკატები და დოკუმენტაცია ქართულ ღვინოსა და ალკოჰოლურ პროდუქტებზე. ფაქტიურად ემბარგო ალკოჰოლურ სასმელებზე და მინერალურ წყლებზე დასრულდა. ალკოჰოლური სასმელები რუსეთის დახლებზე სვარაუდოდ 2 კვირაში გამოჩნდება, სასმელები იქნება საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში და მისი ღირებულება დაახლოებით 300-400 რუბლი იქნება. პირველ ეტაპზე გაიგზავნა ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ წარმოებული 20 000 ბოთლი კონიაკი. მას საქართველოს საბაჟოს პროცედურები უკვე გავლილი აქვს. ასევე სერთიფიკატი მიღებული აქვს "დუგლაძის ღვინის კომპანიას" და შესაბამისად, ამ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოც უახლოეს დღეებში გაიგზავნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" პირველ ეტაპზე ექსპორტზე გაიტანს 21 600 ბოთლ კონიაკს ,,ძველი კახეთი". კომპანიას უკვე აღებული აქვს აქციზები ღვინოზეც და უახლოეს დღეებში 33 000 ბოთლი ღვინის გატანა იგეგმება. ივნისის თვეში კომპანია ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" რუსეთში 130 000 ბოთლი ღვინისა და კონიაკის ექსპორტს ვარაუდობს.
,,დუგლაძეების ღვინის კომპანიაში" საექსპორტო პროდუქციის ჩამოსხმა მიმდინარეობს. კომპანია ღვინოს, ცქრიალა ღვინოს და კონიაკს აწარმოებს. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე ყველანაირი სახის ღვინო და 5 სახეობის კონიაკი (5 წლიანი, 8 წლიანი,12 წლიანი,15 წლიანი და 17 წლიანი) გაიგზავნება. თვის ბოლომდე კომპანია ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია" რუსეთში ექსპორტზე 500 000 ბოთლი ღვინისა და კონიაკის გატანას გეგმავს.