მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. გერმანული მხარიდან თანამშრომლობაში ჩაერთვებიან: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ბიო და გეომეცნიერებების ინსტიტუტი (IBG-2), ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრის თანამედროვე კვლევების ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ZEA-1) და ელექტრონული კვლევების ინსტიტუტი (ZEA-2).
თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების ჯგუფის შექმნა. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.
KIU-FZJ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეასრულონ სტუდენტური პროექტები გერმანიის FZJ კვლევით ცენტრებში. გათვალისწინებულია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ეტაპზე გაცვლითი პროგრამების, სემინარების, სეზონური სკოლების და ვორქშოფების ორგანიზება.