ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
18 ოქტომბერს KIU-ს ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
საბჭოს სხდომას უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი, პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, TUM International-ის მენეჯმენტის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი, ევა ქნირში და კატრინ რიხტერი, და საბჭოს წევრები, დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და TUM International-თან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავდა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა გამოცდილების ზრდას სტუდენტური პროექტების განხორციელებისა და სწავლის პერიოდში სტაჟირების გზით. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ინდუსტრიასთან წარმატებულ პარტნიორობაში და სტუდენტების მომზადებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
საბჭოს სხდომაზე კერძო სექტორთან და ახალ ორგანიზაციებთან პარტნიორობის დაწყების საკითხები განიხილეს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებასა და სტაჟირებას შეუწყობს ხელს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, მის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის და ეკონომიკის განვითარებას.
KIU-ს მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (Hilti Group), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია - European Aeronautic Defence and Space Company (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისათვის", საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.