ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქუთაისში გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი.....
07/02/2007

 

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

7 მარტი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: ელენე ბერეკაშვილი
ტელ: 8 (231) 52012
ელ.ფოსტა:
e.berekashvili@yahoo.com
ვებ.გვერდი:
http://gender.imereti.ge

ქუთაისში გენდერული თანასწორობის იმერეთის რეგიონული რესურსცენტრი გაიხსნა

[PUBLICITY.GE] ქუთაისი, 7 მარტი, 2007 – ქუთაისში გენდერული თანასწორობის იმერეთის რეგიონული რესურსცენტრი გაიხსნა. გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში გენდერული თანასწორობის იმერეთის რეგიონული რესურსცენტრი გაიხსნა, რომელიც განთავსებულია ქუთაისის მერიის შენობის 4-ე სართულზე, რუსთაველის გამზირი #3. 

  • გენდერული რესურსცენტრის  მიზნებია იმერეთის რეგიონში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ქვეყანაში არსებული გენდერული პილიტიკის გატარება; იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე, არსებული სიტუაციის გენდერული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. რესურსცენტრი ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
  • საგანმანათლებლო კომპონენტი: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისათვის ტრეინინგების, სემინარების, მრგვალი მაგიდებისა და შეხვედრების ორგანიზება, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლების, ბიზნესის ორგანიზებისა და მართვის საკითხებს;
  • ბიზნეს კომპონენტი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ბიზნეს-შესაძლებლობების ზრდა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის, განსაკუთრებით, ქალებისათვის სამუშაო ადგილების შექმნას; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას;
  • კვლევითი კომპონენტი: რეგიონში არსებული სიტუაციის შესწავლა გენდერული თვალსაზრისით და, ასევე, მონაცემთა რეგიონული ბაზის შექმნა;
  • კონსულტაციები: რესურსცენტრის ვებგვერდზე შექმნილია ონლაინ საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც სტუმარს სთავაზობს უფასო კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი: მასმედიასთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას, ასევე, რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. რესურსცენტრი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებს შორის  თანამშრომლობას.

გენდერული თანასწორობის იმერეთის რეგიონული რესურსცენტრი ოფიციალურად გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო ბურჯანაძემ, იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა, ბ-ნ აკაკი ბობიხიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ბ-ნ რობერ უოტკინსმა. სტუმრებს შორის იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იმერეთის რეგიონული გენდერული თანსწორობის რესურცენტრი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ქ-ნ ნინო ბურჯანაძის ინიციატივით 2006 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის `“გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით.

პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებასა და მისი განხორციელების ხელშეწყობას, ქალისა და მამაკაცის თანაბარი მოანაწილეობის მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების დონეებზე; ქალების აქტიურ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში; ასევე, გენდერულ საკითხებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

### 

წაკითხულია: 9637