ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Concours Mondial de Bruxelles“ -ის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო საქართველოს სტუმრობს
პრესრელიზი
27 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Concours Mondial de Bruxelles" -ის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო საქართველოს სტუმრობს
საქართველოში სტუმრად იმყოფება ღვინის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული კონკურსის „Concours Mondial de Bruxelles" -ის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ქართული ღვინის კულტურის, ტრადიციებსა და ისტორიის გაცნობა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისს, ყვარელში მეღვინეობა ,,ხარებას" ტურისტულ კომპლექს ,,გვირაბში", ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გამართული 2013 წლის „Concours Mondial de Bruxelles"-ის კონკურსის გამარჯვებულ ქართულ კომპანიებს ბოუდუინ ჰავო პირადად დააჯილდოვა.
დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა. საქართველოში ღვინო არის ტრადიცებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში და დაინტერესებულია ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებით.
უკვე წლებია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში და კონკურსებზე მონაწილეობის კუთხით. ქართულმა ღვინომ და ალკოჰოლურმა სასმელებმა არაერთი უმაღლესი ჯილდო და აღიარება მოიპოვა მსოფლიოს პრესტიჟულ და მნიშვნელოვან გამოფენებსა თუ კონკურსებზე. „Concours Mondial de Bruxelles" - ის კონკურსზე ქართული ღვინოების გამარჯვებაც ამის ნათელი მაგალითია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგრარული კომიტეტის, სხვადასხვა სახელწიფო უწყების, საერთაშირისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება „მეღვინეობა ხარებას" ორგანიზებით გაიმართა. მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასოციაცია ქართული ღვინო.
„Concours Mondial de Bruxelles" ღვინის სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 1994 წელს ლუის ჰავოს მიერ დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. „Concours Mondial de Bruxelles" 2006 წლამდე მხოლოდ ბრუსელში ტარდებოდა, 2006 წლიდან კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (პორტუგალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი) იმართება. მომავალში დაგეგმილია კონკურსის საქართველოში ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი ასევე ცნობილია „ღვინის მსოფლიო ჩემპიონატის" სახელით. ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს 6000 დასახელების პროდუქტი, 4 კონტინენტიდან.
წელევანდელ კონკურსზე მოიხსნა რეკორდი - კონკურსზე დარეგისტრირებული ნიმუშების და ჟიურის რაოდენობის მხრივ. კონკურსში 50 ქვეყნიდან ღვინის მწარმოებელებმა 8200 ღვინის ნიმუში დაარეგისტრირეს, ხოლო ჟიურის 305 წევრი, სამი დღის განმავლობაში ნიმუშების აგემოვნებდა და აფასებდა.
კონკურსზე მედლის 3 კატეგორია გაიცა: 1. დიდი ოქრო (Great Gold), 2. ოქრო (Gold) და 3. ვერცხლი (Silver)
2013 წლის 10-12 მაისს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „Concours Mondial de Bruxelles" სამმა ქართულმა კომპანიამ დიდი ოქრო, ერთმა ოქრო, ხოლო ექვსმა ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.