ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
შალვა ფიფია კახეთის რეგიონში პირუტყვის ვაქცინაციისა და ხორბლის აღების პროცესს დაესწრო
02/07/2013
პრესრელიზი

2 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

შალვა ფიფია კახეთის რეგიონში პირუტყვის ვაქცინაციისა და ხორბლის აღების პროცესს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ,,თურქულის" საგაზაფხულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საგარეჯოს მეცხოველეობის ფერმაში მიმდინარე ,,თურქულის" საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე დაესწრნენ.

შალვა ფიფია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარებისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის პროფილაქტიკური ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. პირუტყვის ვაქცინაცია კახეთის რეგიონის პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 

30 ივნისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინირებულია 423 616 სული პირუტყვი, ამათგან 373 607 მსხვილფეხა და 50 009 წვრილფეხა პირუტყვი. თურქული მწვავე, ვირუსული დაავადებაა, სწრაფად ვრცელდება და იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს მოსახლეობისათვის. დაავადების გავრცელების არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია პირუტყვს ჩაუტარდეს ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ჩავიდა, სადაც ალოობა დაიწყო.

უკვე რამდენიმე დღეა, 600 ჰა ფართობზე შპს „მექანიზატორის" 5 კომბაინით მოსავლის აღება მიმდინარეობს. შპს ,,მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია" წელს ჰექტარ ფართობზე 3 ტონამდე ხორბალის მოსავალს ელოდება. კომპანიამ მეცნიერებთან და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, ტერიტორიაზე 14 ჯიშის (ამერიკული, რუსული, ევროპული, მათ შორის 4 ქართული) ხორბალი გამოცადა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გასულ წლებში ჯიშთა გამოცდა არ ხდებოდა და მოსავალიც ნაკლები იყო. წელს კი, თესვა ჯიშების შესწავლისა და დაკვირვების შემდეგ განხორციელდა, რაც საბოლოოდ მოსავალის რაოდენობასა და ხარისხზეც აისახა. „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია" მიღებული ხორბლის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს.

სოფელ მაღაროში დაწყებულ ალოობას სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, სამინისტოს თანამშრომლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

შალვა ფიფიამ ფერმერებისგან პირადად მოისმინა მეხორბლეობის დარგში არსებული პრობლემები. მეწარმეებმა მინისტრს მარცვლეულის წარმოების გაზრდის საკუთარი ხედვაც გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად იმუშავებს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალ წელს ალოობა ბევრად უხვმოსავლიანი იყოს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.

დღეისათვის ხორბლის აღების პროცესი კახეთის რეგიონში მიმდინარეობს და მალე ალოობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაში გადავა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ყველა რეგიონში მოსავლის აღების მიმდინარეობას პირადად გაეცნობა.

 

წაკითხულია: 2625

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში