6 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ კონფერენციას თემაზე- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი აგრარული სექტორის განვითარებაში" დაესწრნენ. კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გახსნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამინისტრომ არაერთი უპრეცედენტო პროექტი განახორციელა. სამინისტროს დახმარებით გლეხების, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ფინანსური რესურსი, ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაგვაახლოებს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მიმართულებით. საქართველოს აქვს რესურსი, აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც ეტაპობრივად ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება და დააკმაყოფილებს.
,,ჩვენს მიერ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და განვითარებაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია აგრარული პოლიტის ერთერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც დიდ პრობლემას ქმნის პატარა ფრაგმენტებად დაშლილი მიწის ფართობები. ეს ართულებს და აძვირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას, ასევე თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს აგრო კოოპერაციამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში ჩვენ შევქმენით ახალი უწყება, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით კოოპერაციის პროცესის წახალისებისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებსა და ხელშემწყობ ღონისძიებებს განახორციელებს", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
კონფერენციაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით, მთავრობამ პარლამენტთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა. ახლა ჩვენ განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით და სამეცნიერო წრეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია."-განცხადა გიორგი მიშელაძემ.
კონფერენციას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.